ტოტენჰემმა საწადელს მიაღწია - ადამა ტრაორეს ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია
„ვულვერჰემპტონის“ ესპანელი შემტევი, ადამა ტრაორე, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გრანდში გააგრძელებს.
როგორც Sky Sports იტყობინება, ტრაორეს ტრანსფერი „ვულვზთან“ „ტოტენჰემმა“ შეათანხმა, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
ეს ორი კლუბი ადამას ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს და როგორც ჩანს, შეთანხმებას მიაღწიეს.
25 წლის ადამა ტრაორე „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, „ვულვზში“ კი 2018 წელს 20 მილიონ ევროდ „მიდლსბროდან“ გადავიდა. ამჟამად მისი ღირებულება Transfermarkt-ზე 28 მილიონადაა შეფასებული.
3.5-წლიან პერიოდში ტრაორემ „ვულვზში“ 154 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. გავრცელებული ინფორმაციით, „ტოტენჰემში“ ესპანელი 5-მცველიან სისტემაში მარჯვენა გარემარბის როლს შეასრულებს - სწორედ ეს იდეა აქვს გუნდის იტალიელ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს.