რონალდ არაუხომ ბარსელონას პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრა
რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც ნელ-ნელა „ბარსელონას“ დაცვის ლიდერად იქცა, კლუბისთვის ამჟამად ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ურუგვალმა მოკლე პერიოდში მოახერხა „კულეებისთვის“ თავის შეყვარება და დიდი სიმამაცე გამოავლინა, როცა თითის მოტეხვიდან 5 დღის შემდეგ, „რეალთან“ სუპერთასის ელ კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.
გასულ კვირას, „ბარსელონას“ ლიდერები არაუხოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა კონტრაქტის გახანგრძლივება განეხილათ, რომელიც 2023 წლის ივნისში იწურება.
თუმცა, როგორც Marca იტყობინება, არაუხოს წარმომადგენლებმა „ბარსელონას“ პირველ შემოთავაზებაზე ზრდილობიანი უარი განაცხადეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები და დიალოგი საბოლოოდ ჩაიშალა. უახლოეს პერიოდში ისინი კვლავ შეხვდებიან და შეთანხმებას ეცდებიან. თუმცა, წყარო ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით, მხარეებს შორის უთანხმოება საკმაოდ დიდია.
ამავდროულად, არაუხოს სიტუაციას „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აკვირდებიან და მზად არიან ფეხბურთელი გადაიბირონ, თუ „ბარსელონასთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა.