ავტორიზაცია

პირველი ხმაურიანი შენაძენი - ნიუკასლმა 40-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

პირველი ხმაურიანი შენაძენი - ნიუკასლმა 40-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი: 26 იან 2022, 16:08

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მფლობელების მქონე კლუბმა - „ნიუკასლმა“ გამდიდრების შემდეგ ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა.

როგორც სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები და ასევე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, „ნიუკასლი“ „ლიონის“ ბრაზილიელ ნახევარმცველს, ბრუნო გიმარაეშს იმატებს, რომელიც კლუბს 40 მილიონი ევრო დაუჯდება.

„კაჭკაჭებმა“ ფრანგულ გუნდს 40-მილიონიანი შეთავაზებით გუშინ საღამოს მიმართეს და „ლიონისგან“ თანხმობა მიიღეს. ამის შემდეგ, ინგლისური კლუბი ბრუნოს და მის აგენტს გაესაუბრა და მისი თანხმობაც მიიღო.

24 წლის ბრუნო გიმარაეში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და „ლიონში“ „ატლეტიკო პარანაენსედან“ 2020 წლის იანვარში 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 

ამის შემდეგ, ბრუმომ „ლიონში“ 71 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბრუნომდე „ნიუკასლმა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელები: მცველი კიერან ტრიპიერი და შემტევი კრის ვუდი დაიმატა.