ოფიციალურად: ატალანტას გერმანელი მცველი კარიერას ინტერში გააგრძელებს
„ატალანტას“ მცველი რობინ გოსენსი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას მილანური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია და ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურა - გერმანელი მცველი „ინტერს“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით შეუერთდება, ზაფხულში კი „ნერაძური“ მას 25 მილიონ ევროდ გამოისყიდის - ასეთი პირობა ჩაიდო მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტში.
გოსენსი „ატალანტადან“ 2017 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი ჰოლანდიურ „ჰერაკლესში“, „დორდრეჰტში“ და „ვიტესში“ ასპარეზობდა.
პორტალი Transfermarkt გოსენსის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს, მიმდინარე სეზონში მან სერია ა-ს ექვს მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა და ამჟამად, ტრავმაზე მკურნალობს.