"მტკივნეულია დამშვიდობების გარეშე წასვლა", - ობამეიანგმა არსენალის გულშემატკივრებს მიმართა
"ბარსელონას" ახალწვეულმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც აქამდე "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა 32 წლის გაბონელის ტრანსფერი დღეს დაადასტურა.
"მადლობა იმისათვის, რომ თქვენი წყალობით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ლონდონი ჩემი და ჩემი ოჯახის სახლად იქცა. ერთად გავიარეთ აღმასვლები და ჩავარდნები, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. ტიტულების მოგების შესაძლებლობა და გუნდის კაპიტნობის პატივი - ეს ის არის, რასაც სამუდამოდ შევინახავ ჩემს გულში".
"ყოველთვის "არსენალის" ერთგული ვიყავი და 100 პროცენტით კონცენტრირებული გახლდით იმაზე, რომ კლუბისთვის ყველაფერი გამაკეთებინა, რაც შემეძლო, ამიტომაც დამშვიდობების გარეშე წასვლა მტკივნეულია, მაგრამ ეს არის ფეხბურთი".
"ვწუხვარ, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე თანაგუნდელების დახმარების შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ ამ კლუბის მიმართ მხოლოდ პატივისცემას განვიცდი და გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ყველა ბიჭს და გულშემატკივარს ყოველივე საუკეთესოს და ბევრ წარმატებულ წელს მომავალში! სიყვარულით, ობა", - წერს ობამეიანგი სოციალურ ქსელში.