ავტორიზაცია

"მამარდაშვილი ვარჯიშებზე მაგრად მუშაობს" - ბორდალასი ქართველს აქებს და არ ათამაშებს

"მამარდაშვილი ვარჯიშებზე მაგრად მუშაობს" - ბორდალასი ქართველს აქებს და არ ათამაშებს
თარიღი 03 თებ 2022, 13:38

ესპანური კოპა დელ რეის 1/4 ფინალში ვალენსია საკუთარ მოედანზე კადისს დაუპირისპირდა, 2-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

იასპერ სილესენის ტრავმის ფონზე ღამურების პირველი მეკარე ხაუმე დომენეკი გახდა, რის გამოც ქართველ გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასზე მაინც ითამაშებდა, თუმცა 21 წლის კიპერს შანსი სექტემბრის შემდეგ ერთხელაც არ მისცემია.

მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტებმა ბორდალასს მეკარეების შესახებ ჰკითხეს.

"მეკარეების შესახებ სადებატო არაფერია, ორივე გუნდის წევრია. დღეს ხაუმემ ითამაშა, ვნახოთ, კვირას რა იქნება. ყველა მოთამაშეს სურს, რომ გუნდს დაეხმაროს და თავისი წვლილი შეიტანოს. დღეს ხაუმე კარგი იყო, კინაღამ პენალტიც აიღო, თუმცა, ვარჯიშებზე გიორგიც ძალიან კარგად მუშაობს," - განაცხადა ბორდალასმა.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა, თუმცა დეკემბერში ესპანელებმა ქართველი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს.

21 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის საწყის 6 ტურში ითამაშა, თუმცა მას შემდეგ ხოსე ბორდალასს მისთვის შანსი აღარ მიუცია.