რონალდუ და ზიდანი შესაძლოა პსჟ-ში გაერთიანდნენ - ბრიტანული პრესა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.
ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ბრიტანულ Daily Mirror-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც იწერება, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს მაურისიო პოჩეტინო „პსჟ-ს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს კი ზინედინ ზიდანი დაიკავებს.
ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას წაუყენებს - კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერია, რომელთან ერთადაც ის „რეალში“ მუშაობდა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია.
პორტუგალიელის კონტრაქტი „წითელ ეშმაკებთან“ 2023 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუმ 18 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე მის ანგარიშზეა 6 გოლი ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში.