ავტორიზაცია

"ხუთი წუთით ეს სამყარო დავტოვე", - ერიქსენმა ევროზე მომხდარი გულის შეტევა დეტალებში გაიხსენა

"ხუთი წუთით ეს სამყარო დავტოვე", - ერიქსენმა ევროზე მომხდარი გულის შეტევა დეტალებში გაიხსენა
თარიღი 11 თებ 2022, 16:07

„ბრენტფორდის“ ახალწვეულმა, კრისტიან ერიქსენმა, ევრო 2020-ზე გულის გაჩერების ეპიზოდი გაიხსენა.

„ეს სამყარო ხუთი წუთით დავტოვე, შემდეგ კი ჩემი გული ახლიდან გაააქტიურეს. მახსოვს ყველაფერი, გარდა იმ ხუთი წუთისა - აუტის მოწოდება, ბურთი მუხლში მხვდება და... შემდეგ არაფერი არ მახსოვს, რა მოხდა.

ამის მერე გონს მოვედი, გარშემო ხალხი მყავდა შემოხვეული, მე კი მკერდში ზეწოლას ვგრძნობდი. სუნთქვის აღდგენას ვცდილობდი. თვალები გავახილე, დიდად ვერ ვხვდებოდი, რა ხდება. იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოხდა ჩემს თავს. პირველი ფიქრები, რომელიც მახსენდება: „რა მოუვიდა ჩემს ფეხებს? წელში გადავტყდი? შემიძლია თუ არა თავის წამოწევა?“ ვცდილობდი მიკრომოძრაობების შესრულებას, რათა გამეგო კონკრეტულად, რა მოხდა.

სასწრაფოში გავიგე, როგორ კითხულობდა ვიღაც: „რამდენ ხანს იყო წასული?“ ვიღაცამ კი უპასუხა: „ხუთი წუთი“. მაშინ პირველად მოვისმინე, რომ ამ სამყაროში არ ვიმყოფებოდი. 

ჰგავდა თუ არა ეს ყველაფერი სასწაულს? დანამდვილებით.“ - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს BBC. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2021 წლის 12 ივნისს, ფინეთი - დანიის მატჩზე მოხდა, რის გამოც თამაში რამდენიმე საათით გადაიდო, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერიქსენი კარგად არის, რამდენიმე საათში განახლდა. ამ ინციდენტის მერე დანიელს გულში დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რითაც თამაში სერია ა-ში აკრძალული იყო და მან „ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა.