"ჩემთვის ეს დიდი მიღწევა იქნებოდა", - რუნიმ დაასახელა ორი კლუბი, რომელთა გაწვრთნაზეც ოცნებობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელმა, ამჟამად კი "დერბის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ იმის შესახებ ისაუბრა, ისარგებლებს თუ არა თავისი ყოფილი კლუბის გაწვრთნის შესაძლებლობით.
"რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდი. ამჟამად "დერბი ქაუნთისა" და ჩემპიონშიპში დარჩენაზე ვარ კონცენტრირებული", - აცხადებს 36 წლის ინგლისელი.
"მიუხედავად ამისა, არსებობს ორი კლუბი, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს არის - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი".
"იმედი მაქვს, მომავალში ამ გუნდებიდან ერთ-ერთს გავწვრთნი. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნებოდა", - დასძინა სპეციალისტმა Sky Sports-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რუნი "ევერტონის" აღზრდილია, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი 2004 წლის ზაფხულში შეუერთდა, 2017 წლის ზაფხულში ერთი წლით "კანფეტების" რიგებში დაბრუნდა, შემდეგ ერთი სეზონი MLS-ის კლუბ "დი სი იუნაიტედში" გაატარა, პროფესიონალური კარიერა კი "დერბიში" დაასრულა.