ავტორიზაცია

VIDEO: 3 პენალტი, გაძევება, შვიდი გოლი! ვანდა მეტროპოლიტანოზე საოცარი მადრიდული დერბი შედგა

თარიღი 13 თებ 2022, 02:05

ლა ლიგის 24-ე ტურში გამართულ მადრიდულ დერბიში საოცარი სანახაობა შედგა.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდულის „ატლეტიკომ“ თანაქალაქელ „ხეტაფეს“ 4:3 სძლია.

სიმეონეს გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო - მე-9 წუთზე ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა, თუმცა ამის მიუხედავად „ატლეტიკომ“ კორეას და კუნიას გოლებით 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

თითქოს, მარტივი გამარჯვება უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ხეტაფემ“ პირველივე ტაიმში სასწაული მოახდინა და ფავორიტს 3 გოლი გაუტანა - მაიორალმა ქამბექს სათავე დაუდო, ერეს უნალმა კი შემდეგ 5 წუთში ორი პენალტი ზუსტად შეასრულა და „ხეტაფე“ წინ გაიყვანა.

თუმცა, „ატლეტიკომ“ პირველივე ტაიმში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 45+4 წუთზე კორეამ დუბლი შეასრულა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ასეთი გოლებით სავსე აღარ აღმოჩნდა - 58-ე წუთზე უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მცველმა ფელიპემ მიიღო და „ატლეტიკო“ 10 კაცით დარჩა, თუმცა გამარჯვება მაინც მოიპოვა.

89-ე წუთზე მარიო ერმოსომ ჟოაო ფელიქსის პასით გამარჯვების გოლი შეაგდო და „ატლეტიკოს“ ურთულესი გამარჯვება მოუტანა.

მადრიდულმა გუნდმა 39 ქულა დააგროვა და მინიმუმ „ბარსელონას“ მატჩამდე მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, „ხეტაფე“ კი 25 ქულით მე-15 ადგილზეა.