ქუთაისის ტორპედომ 12-ნომრიანი მაისური გააუქმა! მიზეზი ცნობილია
ქუთაისის ტორპედოში ამიერიდან მისულ ახალ ფეხბურთელს 12-ნომრიანი მაისურის არჩევის უფლება აღარ ექნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ მიზეზი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის გამოხატვაა.
"ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.
ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!
წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ქუთაისის ტორპედო ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 2022 წლის 26 თებერვალს დინამო თბილისის წინააღმდეგ დაიწყებს.