ავტორიზაცია

VIDEO: კურტუა კედელივით იდგა, მაგრამ მბაპემ მაინც გაუტანა - პსჟ-მ შინ რეალს დამსახურებულად მოუგო და წყვილში უპირატესობა მოიპოვა

თარიღი 16 Feb 2022, 01:59

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 90+4 წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ორი მცველი ბრწყინვალედ ჩამოიტოვა და ტიბო კურტუას ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს მოედანზე სათამაშოდ მხოლოდ ერთი გუნდი იყო გასული და ეს „პარი სენ-ჟერმენია“, მადრიდის „რეალს“ მთელი მატჩის მანძილზე ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონია და მეტიც, გააზრებულად არც კი შეუტევია. პარიზელებს კი უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ, ლეო მესიმ პენალტიც კი შეასრულა, თუმცა ტიბო კურტუა ბოლო წუთამდე შეუვალი იყო. 

ამიტომ, „პსჟ-მ“ დამსახურებულად მოიგო და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 9 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, მცირე, მაგრამ უპირატესობა მოიპოვა.