ავტორიზაცია

ლივერპულის ფავორიტის სტატუსი და ინტერის სეზონის ყველაზე რთული გამოცდა - ჩემპიონთა ლიგა გრძელდება!

ლივერპულის ფავორიტის სტატუსი და ინტერის სეზონის ყველაზე რთული გამოცდა - ჩემპიონთა ლიგა გრძელდება!
თარიღი 16 თებ 2022, 10:38

დღეს, 16 თებერვალს, ჩვენი დროით 23:55 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები გაგრძელდება. "ლივერპული" მილანის "ინტერს" ესტუმრება, მიუნხენის "ბაიერნი" კი "ზალცბურგს". განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩების დაწყების წინ.

ინტერი-ლივერპული

განვლილი გზა - სიკვდილის ჯგუფში მოხვედრილმა მერსისაიდელებმა მადრიდის "ატლეტიკოს", "მილანსა" და "პორტოსთან" ექვსიდან ექვსი გამარჯევბა მოიპოვეს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ ჯგუფის ე.წ. "სიკვდილიანობა" შეეხო ყველას, "წითლების" გარდა. "სქაუზერები" 1/8 ფინალში დამსახურებულად და თავაწეულად გავიდნენ.

მილანურ გუნდს დასჭირდა მეტი ძალისხმევა, რადგან მადრიდის "რეალმა" "ენფილდეთა" დღევანდელ მოწინააღმდეგეს შინ და გარეთ მოუგო. ამის გარდა, "ნერაძურის" მცირე პრობლემები დონეცკის "შახტარმაც" შეუქმნა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, პირველად 2012 წლის შემდეგ, "შავ-ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არიან.

დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა - იურგენ კლოპი ტრავმის გამო ვერ გამოიყენებს ჯორდან ჰენდერსონსა და დივოკ ორიგის. "ჯუზეპე მეაცაზე" მასპინძლების მხრიდან დღეს ვერ ვიხილავთ ნიკოლო ბარელას, რობინ გოსენსსა და ხოაკინ კორეას. პირველს დისკვალიფიკაციის გამო, დანარჩენებს კი დაზიანების.

ინტერი - ჰანდანოვიჩი, დე ვრეი, შკრინიარი, ბასტონი, დუმფრისი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი, ვიდალი, ჩალჰანოღლუ, ლაუტარო, ჯეკო

ლივერპული - ალისონი, ვან დეიკი, კონატე, ალექსანდერ-არნოლდი, რობერტსონი, ფაბინიო, ტიაგო, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჟოტა, მანე, სალაჰი

ურთიერთშეხვედრების ისტორია - მერსისაიდელები და მილანელები ისტორიის განმავლობაში სულ შეხვდნენ ოთხჯერ. სამი გამარჯვება ფიქსირდება "წითლების" ანგარიშზე, ერთი კი "ნერაძურის". ბურთების შეფარდებითაც წინ არიან "სქაუზერები", 6:4. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელ მატჩში.

ზალცბურგი-ბაიერნი

განვლილი გზა - მიუნხენელებმა ჯგუფურ ეტაპზე თავიანთ სტილში არ შეიმჩნიეს "ბარსელონა", ლისაბონის "ბენფიკა" და კიევის "დინამო". დიახ, "რეკორდმაისტერის" უშუალო მონაწილეობით, პირველად 2001 წლის შემდეგ, კატალონიელები ბრძოლას ევროპა ლიგაზე აგრძელებენ. ცხადია, "ბავარია" დღეს ფავორიტია.

"რედ ბულს" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისთვის მოუწია "ლილთან", "სევილიასთან" და "ვოლფსბურგთან" ჭიდილი. "წითელი ხარები" ერთი შეხედვით, იყვნენ აუტსაიდერები, მაგრამ ფაქტია, ანდალუსიელები არიან ევროპა ლიგაზე, "მგლები" - სახლში, "ალიანც არენას" ბინადრების დღევანდელი მეტოქე კი ბრძოლას აგრძელებს.

დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა - იულიან ნაგელსმანი დღეს ვერ გამოიყენებს მანუელ ნოიერს, ლეონ გორეცკასა და ჯამალ მუსიალას. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ალფონსო დევისის მონაწილეობაც. "ბაიერნისა" და ავსტრიელების სავარაუდო 11-ეულები კი გამოიყურება ასე:

ზალცბურგი - კონი, სოლეტი, ვობერი, კრისტენსენი, ულმერი, ბერნედე, კამარა, კაპალდო, აარონსონი, ოკაფორი, ადეიემი

ბაიერნი - ულრიხი, სულე, უპამეკანო, პავარი, ერნანდესი, კიმიხი, ტოლისო, გნაბრი, სანე, მიულერი, ლევანდოვსკი

ურთიერთშეხვედრების ისტორია - მიუნხენელები და "რედ ბულსი" ერთმანეთს შეხვდნენ ორჯერ, ორივე შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. "რეკორდმაისტერმა" "წითელ ხარებს" მოუგო შინ და გარეთ, განსაკუთრებით გამოსარჩევია სტუმრად მოპოვებული მოგება, ანგარიშით 6:2.

"თუ დაცვას მოაგვარებს, ბაიერნიც", - მატეუსმა ჩემპიონთა ლიგის სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა