ავტორიზაცია

მერვედფინალების ბოლო დღე: რონალდუ საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ და ბენფიკა - აიაქსი

მერვედფინალების ბოლო დღე: რონალდუ საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ და ბენფიკა - აიაქსი
თარიღი 23 თებ 2022, 12:23

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირებების ბოლო დღეს საქმეში კრიშტიანუ რონალდუ ერთვება, რომელიც ისტორიულად თავის საყვარელ მეტოქეს დაუპირისპირდება.

„ატლეტიკო“ – „მანჩესტერი“
„ბენფიკა“ – „აიაქსი“

„ატლეტიკო“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“
ოთხშაბათი, 23 თებერვალი, 23:55 - სტადიონი „ვანდა მეტროპოლიტანო“, მადრიდი. მთავარი არბიტრი - ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

„ატლეტიკო“ მატჩს ჩემპიონატში ხანგრძლივი კრიზისით ხვდება. დიეგო სიმეონეს გუნდი დიდი ხანია ჩემპიონობისთვის აღარ იბრძვის და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მომტანი მე-4 ადგილისთვის ბრძოლას კმაყოფილდება. მადრიდელების შედეგები ცვალებადია, გუნდი ხან „ლევანტესთან“ სენსაციურად წააგებს, შემდეგ სტუმრად „ოსასუნას“ გაანადგურებს და ა.შ, მოკლედ სტაბილურობა დღეს „როხიბლანკოს“ ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკომ“ „ლივერპულთან“, „პორტუსთან“ და „მილანთან“ ითამაშა. „მელეიბეებმა“ ინგლისელებთან პირველი ადგილი უშანსოდ წააგეს და ბოლო ტურში, ლაივ-რეჟიმში საერთოდ ჯგუფშიც რჩებოდნენ, თუმცა „პორტუს“ დამარცხებით მეორე ადგილი მაინც გაინაღდეს. მიუხედავად არასტაბილურობისა, ცალკეულ მატჩებზე გონების მოკრება სიმეონეს გუნდს ნამდვილად შეუძლია.

თავის მხრივ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რამდენიმე ფრის შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგომა მოახერხა. „წითელი ეშმაკების“ შიდა ჩემპიონატში მე-4 ადგილისთვის იბრძვიან, მაგრამ ხვდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგა - მათთვის მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსია.

ჯგუფურ ეტაპზე მანკუნიანელებმა „ატალანტას“, „ვილიარეალს“ და „იანგ ბოიზს“ მოუგეს კვარტეტი. ამ მატჩებში საუკეთესოდ თავი წარმოაჩინა კრიშტიანუ რონალდუმ - ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის გენიოსმა.

ამ შეხვედრაში რალფ რანგნიკის გუნდს ჰიტონი, გრინვუდი და კავანი ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება „ატლეტიკოს“, გუნდს ვასი, კარასკო და კუნია გამოაკლდებიან, ასევე ეჭვქვეშაა ლემარის, ერმოსოს და კოკეს მონაწილეობაც.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ატლეტიკო": ობლაკი - სავიჩი, ფელიპე, რეინილდო - ვრსალკო, ლორენტე, ერერა, კონდოგბია, ლოდი - კორეა, ფელიქსი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა - დალოტი, ვარანი, მაგუაირი, ტელეში - ფერნანდეში, მაკტომინეი, პოგბა - სანჩო, რონალდუ, რაშფორდი.

ციფრები: 

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში „ატლეტიკო მადრიდის“ წინააღმდეგ 35 მატჩი ჩაატარა და 30 გოლში მიიღო მონაწილეობა - 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემა, მათ შორის 4 ჰეთ-ტრიკიც.

უკანასკნელად „ატლეტიკო“ და „მანჩესტერი“ ერთმანეთს 1991/92-წლების თასების მფლობელთა თასზე დაუპირისპირდნენ და ორმატჩიანი დაპირისპირება ესპანურმა გუნდმა 4:1 მოიგო.

ჯგუფში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შემდგომი ხუთი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა (3 მოიგო და 2 ფრე ითამაშა)

„ატლეტიკომ“ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.

„მანჩესტერმა“ ბოლო შვიდი ესპანეთში ვიზიტიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 4 ფრე და 2 მარცხი

რალფ რანგნიკმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კარიერაში ორჯერ მიიღო მონაწილეობა - ორივეჯერ „შალკესთან“ ერთად, ყველაზე დიდი წარმატება კი 2010/11-ში მოვიდა, როცა მან გერმანულ გუნდთან ერთად ნახევარფინალშიც კი შეძლო გასვლა. 

„ბენფიკა“ – „აიაქსი“
ოთხშაბათი, 23 თებერვალი, 23:55 - სტადიონი „ესტადიო და ლუჟი“, ლისაბონი. მთავარი არბიტრი - სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

„ბენფიკას“ საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას, გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე პრაქტიკულად დათმო, „სპორტინგი“ და „პორტუ“ ზედმეტად შორის წავიდნენ. თანაც, ჟორჟე ჟესუსის წასვლის შემდეგ დადებითი ცვლილებები არ ჩანს. გასულ ტურში გუნდმა „ბოავიშტასთან“ 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრე 2:2 ითამაშა.

ჯგუფში „ბენფიკა“ „ბაიერნთან“, „ბარსელონასთან“ და კიევის „დინამოსთან“ მოხვდა და მიუხედავად თავდაპირველად აუთსაიდერის სტატუსისა, გუნდმა ესპანურ გრანდთან ორ მატჩში 4 ქულა დააგროვა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

თავის მხრივ, „აიაქსი“ იდეალურ ფორმაშია და წყვილის ფავორიტად გვესახება. ნიდერლანდურმა გუნდმა ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, მათ შორის რამდენიმე 5:0. ერიკ ტენ ჰაგმა  კიდევ ერთხელ მოახერხა ნამდვილი მექანიზმის შექმნა, ამიტომ „ბენფიკას“ საქმე ადვილად ნამდვილად არ ექნება.

ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსმა“ „დორტმუნდთან“, „ბეშქთაშთან“ და „სპორტინგთან“ ბრძოლაში 100%-იანი შედეგი დააფიქსირა და 18 ქულით მოახერხა ჯგურის დახურვა. 

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბენფიკა“: ვლახოდიმოსი - ლაზარო, ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო - რაფა, მარიუ, ვაიგლი, ევერტონი - რამუში, ნუნიესი

„აიაქსი“: პასვეერი - მაზრაუი, სჰიურსი, მარტინესი, ბლინდი, ალვარესი, გრავენბერხი, ენტონი, ბერგეისი, ტადიჩი, ალერი.

ვერ ითამაშებენ: ვერისიმო, პინიო, სეფეროვიჩი - სტეკელენბურგი, კალაიბერი, ბრობი.