ავტორიზაცია

VIDEO: დემბელეს შოუ და განადგურებული ბილბაო - ბარსელონამ ბასკებზე სათასო მარცხის გამო შური იძია

თარიღი 28 თებ 2022, 01:56

ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ შინ ბილბაოს „ატლეტიკი“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

37-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შესვენების შემდეგ „ბარსელონამ“ მეტოქეზე დომინაცია გააგრძელა და სამი უპასუხო გოლიც გაუტანა - 73-ე წუთზე ორამდე სხვაობა უსმან დემბელემ გაზარდა, 90-ზე ლუკ დე იონგმა იმავე დემბელეს პასით მესამე გოლი შეაგდო.

90+4 წუთზე კი შეხვედრაში წერტილი ტრავმიდან დაბრუნებულმა მემფის დეპაიმ დასვა და „ბარსას“ გამანადგურებელი გამარჯვება გაუფორმა. საინტერესოა, რომ ასისტენტის როლში ამ შემთხვევაშიც დემბელე მოგვევლინა. 

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში 45 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს დამაჯერებლად იკავებს, თუ თავის გადადებულ მატჩს მოიგებს მესამე პოზიციაზეც გადაინაცვლებს და წინ მხოლოდ „სევილია“ და „რეალი“ ეყოლება.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ „ბილბაოზე“ სამეფო თასის 1/8-ფინალურ მარცხზე შური იძია. შეგახსენებთ, რომ ბასკებმა თასის მერვედფინალში კატალონიელები დამატებით დროში 3:2 დაამარცხეს.