"შევთანხმდით, რომ ბოლომდე ერთად ვიდგებით", - ხვიჩა რუბინიდან შანსის გამოჩენის შემთხვევაშიც არ წავა?
მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFpro-მ (პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაცია) FIFA-ს თხოვნით მიმართა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის საშუალება მიეცეთ.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ არა რუსეთის მოქალაქე ფეხბურთელებს და შესაბამისად, მათ შორის ქართველებსაც, რუსულ გუნდებთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა, ყველანაირი კომპენსაციის გარეშე შეეძლებოდათ.
ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ ამის დახმარებით ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ წასვლას სრულიად უფასოდ შეძლებდა და თავის ახალ კლუბს უკვე თავისუფლად აირჩევდა, თუმცა ყაზანელთა მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ის თავის ლეგიონერებს უკვე ესაუბრა და შეთანხმებასაც მიაღწია.
„აპირებენ თუ არა ლეგიონერები წასვლას? პირველივე დღეს შევიკრიბეთ, ეს თემა განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ერთად ვიდგებით იქამდე, სანამ სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევს. ამის გარდა, ამ თემას აღარ შევხებივართ.“ - ციტირებს სლუცკის სიტყვებს „რუბინის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.