ბარსელონას ზაფხულში სამი ცენტრალური მცველი დატოვებს და ორი ახალი - შეავსებს
„ბარსელონას“ ზაფხულში სამი მცველის გაშვება სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გუნდის შემადგენლობას ზაფხულში მინიმუმ ორი ცენტრალური მცველი შეავსებს, ამიტომ „ბარსა“ სამ მოქმედ ფეხბურთელზე იმედებს აღარ ამყარებს.
ხელმძღვანელობას სურს, რომ ზაფხულში გუნდი სამუელ უმტიტიმ, კლემან ლანგლემ და ოსკარ მინგესამ დატოვონ. 2022/23-სეზონში „ბარსას“ ცენტრალური მცველები ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, ერიკ გარსია და ორი ახალწვეული იქნებიან.
„ბარსა“ ფიქრობს, რომ ლანგლეს ყველაზე სარფიანად გაყიდის, რადგან ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ევროპაში კარგი იმიჯი აქვს. თუ მისი მსურველის მოძიება ვერ მოხერხდა, ხავი დარჩენის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან სხვა ცაცია ცენტრალური მცველი არ ჰყავს.
თავად ლანგლესაც არ სურს წასვლა, რადგან მიაჩნია, რომ „ბარსას“ სასტარტოსთვის ბრძოლა შეუძლია. მისი შეძენა პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს სურს.
უმტიტის მიმართ ინტერესს ფრანგული კლუბები იჩენენ. „ლიონმა“ „ბარსას“ რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ფეხბურთელმა ტრანსფერი თავად დაბლოკა.
მინგესა კი წასვლასთან ახლოს გასულ ზამთარშიც იყო, თუმცა „ვალენსიასთან“ შეთანხმება ჩაიშალა, „ბორდოში“ გადასვლა კი მან თავად არ მოისურვა.