"ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება", - ლეგენდარულმა დინო ძოფიმ დონარუმას მხარი დაუჭირა
იტალიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა და მსოფლიო ჩემპიონმა, დინო ძოფიმ "პსჟ"-ს მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას კრიტიკის ფონზე მხარი დაუჭირა.
"მეკარის საქმე დარტყმების მოგერიებაა, გოლკიპერის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება არ შეიძლება. დონარუმა ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად რჩება, "რეალთან" მატჩში დაშვებული შეცდომა მისი ბრალი არ არის".
"შეიძლება ფეხით კარგად თამაშობდე, მაგრამ პრიორიტეტი დარტყმების კარგად მოგერიებაა. დღეს ჩვენ უფრო გარკვეულ დუალიზმს ვართ მიჩვეულები".
"არა მგონია, ამ სიტუაციამ "პსჟ"-სა და ნაკრებში დონარუმას თამაშზე გავლენა მოახდინოს. მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასა და ჩემი მიღწევების გამეორებას ვუსურვებ, რადგან ამას იმსახურებს", - თქვა ძოფიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, 23 წლის იტალიელი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.