ავტორიზაცია

ბარსელონამ დემბელეს შემცვლელი პრემიერ ლიგაში შეარჩია და მის შეძენას ზაფხულში ეცდება

ბარსელონამ დემბელეს შემცვლელი პრემიერ ლიგაში შეარჩია და მის შეძენას ზაფხულში ეცდება
თარიღი 22 მარ 2022, 18:01

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მორიგი სამიზნე შეარჩია.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის ხელში ჩაგდება სურთ.

"ბლაუგრანა" ბრაზილიელში უსმან დემბელეს შემცვლელს ხედავს, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტის ვადა ეწურება და დიდი შანსია, კლუბიდან წავიდეს.

აღსანიშნავია, რომ რაფინიას აგენტი დეკოა, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი. სწორედ მან შესთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში 25 წლის შემტევის ყიდვა.

"ბარსას" ხელმძღვანელობა "ლიდსის" ლიდერის თამაშით კმაყოფილია და სეზონის დასრულების შემდეგ მის გადაბირებას ეცდება.

მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.