ავტორიზაცია

მანჩინი: "იღბალი, რომელიც იტალიას ევროზე სდევდა თან, ტოტალურმა უიღბლობამ ჩაანაცვლა"

მანჩინი: "იღბალი, რომელიც იტალიას ევროზე სდევდა თან, ტოტალურმა უიღბლობამ ჩაანაცვლა"
თარიღი 25 მარ 2022, 17:25

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"სკუადრა აძურამ" ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) სენსაციურად წააგო და ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩა.

"ევრო 2020 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო, ეს კი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. სათქმელი არაფერია, ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, როგორც ახლა".

"დავიწყოთ იქედან, რომ ასეთ სიტუაციაში საერთოდ არ უნდა აღმოვჩენილიყავით. მაგრამ დღეს მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და ამაზე ლაპარაკიც კი ძნელია".

"ევროზე მოპოვებული გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებული იყო, შესანიშნავად ვითამაშეთ. შემდეგ იღბალმა, რომელიც იმ ტურნირზე თან გვდევდა, ადგილი ტოტალურ უიღბლობას დაუთმო, სექტემბრიდან მოყოლებული წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა".

"ჯგუფში ვდომინირებდით, შექმნილი მომენტებიდან მხოლოდ ერთის გამოყენება იყო საჭირო, რათა ყველაფერს კარგად ჩაევლო, მაგრამ არა. და არსებობს განცდა, რომ 92-ე წუთზე გაშვებული გოლი სურათში ჯდება. შესანიშნავი გუნდი გვყავს და მის გამო ვწუხვარ".

"უნდა ვთქვა, რომ ჩემს ბიჭებზე ახლა უფრო ვღელავ, ვიდრე ივლისში. ისეთი რთული მომენტია, მათდამი ჩემი მიჯაჭვულობა უზარმაზარია. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა იქნება მომავალში, რადგან ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ნაკრები, რომელსაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს და ბრწყინვალე მომავალი აქვს", - განუცხადა მანჩინიმ RAI Sport-ს.