ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მასზე არ იმოქმედებს - ანჩელოტის რეალიდან სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებენ
რეალს კარლო ანჩელოტის ნდობა საკმარისად აქვს, თუმცა ეს შესაძლოა სეზონის ბოლოს შეიცვალოს.
როგორც გამოცემა AS წერს, იტალიელ სპეციალისტს თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაატოვებინებენ, თუ რეალი ამ სეზონის შედეგად ლა ლიგის მოგებას ვერ მოახერხებს. ჩემპიონთა ლიგიდან შესაძლო გავარდნა იტალიელის მომავალზე არ იმოქმედებს, ლა ლიგაში დიდი უპირატესობის განიავება კი - დიდი ალბათობით კი.
რეალის ხელმძღვანელობაში ეჭვები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გუნდი კლასიკოში ბარსელონასთან განადგურდა. ყველაზე მეტი კითხვები გამოიწვია არა მატჩის შედეგმა, არამედ შეგრძნებებმა, რომელიც გუნდის თამაშმა დატოვა.
საინტერესოა, რომ რეალი ანალოგიურ სიტუაციაში ანჩელოტისთან ერთად უკვე ყოფილა - 2014/15-წელს მადრიდული გუნდი ლა ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა მეორე წრეში უპირატესობა გაანიავა, ტიტული ბარსელონას დაუთმო, სეზონის ბოლოს კი ანჩელოტის თანამდებობა დაატოვებინეს.