ავტორიზაცია

უმფლობელო ჩელსი და სავარაუდოდ უმწვრთნელო რეალი - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ცენტრალური დაპირისპირება

უმფლობელო ჩელსი და სავარაუდოდ უმწვრთნელო რეალი - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ცენტრალური დაპირისპირება
თარიღი 05 Apr 2022, 22:56

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების ცენტრალურ დაპირისპირებაში მოქმედი გამარჯვებული ლონდონის „ჩელსი“ ამ ტურნირის ყველაზე წარმატებულ გუნდს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ხვდება - გასული სეზონის ნახევარფინალში ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა მადრიდის „რეალმა“ თომას ტუხელის გუნდს ორი მატჩის ჯამში დიდი ვერაფერი დაუპირისპირა და 3:1 წააგო. თუმცა, ახლა მადრიდელები რევანშისთვის იბრძოლებენ.

მიმდინარე სეზონი გუნდებისთვის განსხვავებულად მიმდინარეობს - „ჩელსისთვის“ ყველაფერი კარგად იწყებოდა, გარკვეული პერიოდის მანძილზე გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა და ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის დაცვის ერთ-ერთ პრეტენდენტადაც მოიაზრებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

Chelsea vs Real Madrid, 2021 Champions League Semifinals: Predicted lineups  - Managing Madrid

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, „ჩელსის“ მფლობელ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთის მთავრობამ სერიოზული სანქციები დაუწესა, რის გამოც ლონდონური კლუბი ვერც მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდა და სხვა უამრავ შეზღუდვასთან გამკლავებაც მოუწია, თუმცა, შემდეგ ბრიტანელებმა სანქციები გარკვეულწილად შეამსუბუქეს და შესაბამისად, ხვალ „სტემფორდ ბრიჯზე“ მაყურებლები აუცილებლად იქნებიან.

შიდა ასპარეზზე „ჩელსი“ საჩემპიონო ბრძოლას მალევე ჩამოშორდა და ახლა გუნდის მთავარი საზრუნავი მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, „ლივერპული“ და „სიტი“ უკვე ძალიან შორს არიან, ამიტომ თომას ტუხელი ინგლისში თავის პირველ ჩემპიონობას კიდევ მინიმუმ ერთი წელი დაელოდება. რაც შეეხება ოთხეულს, აქ „ჩელსი“ უახლოეს მდევარ „ტოტენჰემს“ 5 ქულით უსწრებს (თან ერთი მატჩი გადადებული აქვს) და თუ რაიმე მოულოდნელი ჩავარდნა არ მოხდა, ლონდონელები სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებენ.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“ - გუნდმა მორიგი სატრანსფერო ზაფხული კილიან მბაპეს შეძენის მცდელობას შეალია და სერხიო რამოსისა და რაფა ვარანის წასვლის მიუხედავად, მხოლოდ უფასოდ მოსული დავიდ ალაბათი და ახალგაზრდა ედუარდო კამავინგათი გაძლიერდა. შესაბამისად, ორივე გუნდის ძირითადი ბირთვი იგივე იქნება, რაც გასული სეზონის დაპირისპირებებში იყო.

როცა კარლო ანჩელოტიმ თითქოს ზიდანის და საკვანძო ფიგურების წასვლით გამოწვეული უფრო შესუსტებული „რეალი“ ჩაიბარა, გუნდისგან ბევრს არავინ ელოდა, თუმცა იტალიელმა დიდი შრომა გასწია და დღეს მადრიდელები ლა ლიგას ისე დამაჯერებლად ლიდერობენ, რომ ყველასთვის სენსაცია იქნება, თუ 38 ტურის შედეგად „ბლანკოსი“ პირველ ადგილზე არ იქნება. მაგრამ, ხავის „ბარსელონა“ სასწაულ ფორმაში შევიდა, კლასიკო 4:0-ც მოუგო და გამორიცხული ამ ეტაპზე არაფერია. ამიტომ, „რეალს“ ქულების ფლანგვის უფლება არ აქვს და მისი ერთადერთი საზრუნავი ახლა ჩემპიონთა ლიგა ნამდვილად არ არის.

Three things to look for in Chelsea vs Real Madrid UCL semifinal

მეოთხედფინალამდე განვლილი გზა

მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში „იუვენტუსთან“, „ზენიტთან“ და „მალმიოსთან“ მოხვდა და კვარტეტს დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა კიდეც, ერთადერთი მარცხი ლონდონელებმა ტურინში მინიმალურად იწვნიეს და სახლში შურიც სათანადოდ იწვნიეს (4:0). თუმცა, ბოლო ტურში ტუხელის გუნდმა სენსაციურად „ზენიტს“ ვერ მოუგო და პირველი ადგილი ტურინელებს დაუთმო.

მიუხედავად ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლისა, „ჩელსის“ კენჭისყრაში გაუმართლა - ორივეჯერ, ჯერ გაუქმებულ და შემდეგ გამეორებულ წილისყრაზე, გუნდს მეტოქედ „ლილი“ შეხვდა, რომლის ბარიერიც „პენსიონერებმა“ დიდი სირთულეების გარეშე გადალახეს და მეოთხედფინალში აუღელვებლად გავიდნენ, მაშინ როდესაც პირველადგილოსანი „იუვე“ ასპარეზს მერვედფინალიდანვე, „ვილიარეალისგან“ გამოეთიშა.

რაც შეეხება „რეალს“, გუნდს ჯგუფში მთავარ მეტოქედ „ინტერი“ ჰყავდა, ისევე როგორც გასულ წელს. მილანური გუნდის გარდა კვარტეტს „შერიფი“ და „შახტარი“ ავსებდნენ და ჯგუფში მომხდარი ცალკეული სენსაციების მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე სწორედ ფავორიტები გავიდნენ - „რეალმა“ 6 მატჩიდან 5 მოიგო (მათ შორის უშუალო კონკურენტთან ორივე მატჩიც), ერთადერთი მარცხი კი სენსაციურად, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „შერიფთან“ იწვნია, თანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

მერვედფინალში „რეალს“ „ჩელსიზე“ გაცილებით რთული მეტოქე ჰყავდა - „პსჟ“, რომელიც ამ ზაფხულს მსოფლიო ვარსკვლავებით გაძლიერდა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც სახელდებოდა, მათ შორის - „რეალზე“ მეტადაც კი. ბევრმა ამ დაპირისპირების წინ მადრიდელები ჩამოწერეს და უშუალო დაპირისპირებაში 4 ტაიმიდან 3-ში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სწორადაც მოიქცნენ. თუმცა, საპასუხო შეხვედრის მეორე ნახევარში „პსჟ-მ“ ავტორიტეტის ზეწოლას ვერ გაუძლო, პირველი კურიოზულად გაშვებული გოლის შემდეგ მოიშალა და კარიმ ბენზემას სპექტაკლის მომსწრე გახდა, რომელმაც თავისი გუნდი ჰეთ-ტრიკით მეოთხედფინალში გაიყვანა.

Chelsea vs Real Madrid result: Player ratings as Thomas Tuchel's side head  to Champions League final | The Independent

დანაკლისი:

„ჩელსის“ მხრიდან მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს ბენ ჩილველი, საეჭვოა კალუმ ჰადსონ ოდოის მონაწილეობაც, რომელსაც ქუსლი აწუხებს, თუმცა ინგლისელი შემტევის სასტარტოში ხილვა თავიდანვე ფანტასტიკის სფერო იქნებოდა.

„რეალის“ პრობლემები სახელებით უფრო სერიოზულია - გუნდს ედენ აზარი, ისკო და ლუკა იოვიჩი გამოაკლდებიან, თუმცა ვინც წელს მადრიდელებს ინტენსიურად აკვირდება, იცის, რომ არცერთი ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის ოდნავი ნდობითაც კი არ სარგებლობს და მათი მონაწილეობა ამ მატჩში ჯანმრთელებისაც კი ეჭვქვეშ იდგა.

ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ, რომელშიც „რეალმა“ სტუმრად „სელტა“ 2:1 დაამარცხა, კორონავირუსი დაუდასტურდა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის, რომლის ნაცვლადაც გუნდის თამაშს (ყურსასმენის დახმარებით) იტალიელი სპეციალისტის შვილი, დავიდე ანჩელოტი უძღვოდა.

ინგლისში გაფრენის დროისთვის უფროს ანჩელოტიმ კოვიდზე კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა და თუ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიელმა უარყოფითი პცრ-ტესტი არ ჩააბარა, ამ მატჩშიც „რეალის“ მთავარი მწვრთნელი (ფორმალურად მაინც) დავიდე იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი, ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი, რის ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო, ზიეჩი, ჰავერცი, პულიშიჩი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი.