რიბერიმ მბაპე, ვლაჰოვიჩი, ჰოლანდს შორის საუკეთესო გამოარჩია და "ახალი ლევანდოვსკი" დაასახელა
საფრანგეთის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილმა, ამჟამად კი იტალიური "სალერნიტანას" გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ "იუვენტუსის" ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის პერსპექტივებზე ისაუბრა.
– "იუვენტუსმა" ახლახან ჩადო ინვესტიცია ვლაჰოვიჩში, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელში. დუშანს, "ფიორენტინაში" შენს ყოფილ თანაგუნდელს, აქვს რაიმე ლევანდოვსკისგან?
"რა თქმა უნდა, ძალა და მენტალიტეტი. ვლაჰოვიჩი, ყველა ჩემპიონის მსგავსად, შრომისმოყვარეა. და, უპირველეს ყოვლისა, არასოდეს უნდა წაგება, ვარჯიშებზეც ბრაზდება, როცა მარცხდება".
"მე ახლაც მემართება ხოლმე, ვბრაზდები, თუ თამაშს ვაგებ. ეს წვრილმანი არ არის, ეს გამარჯვებულის სულია".
– შეუძლია თუ არა ვლაჰოვიჩს გახდეს ახალი ლევანდოვსკი?
"დიახ, თუ ამავე სულისკვეთებით გააგრძელებს მუშაობას და ყოველდღე კონცენტრირდება იმაზე, რომ უფრო უკეთესი გახდეს. დუშანი ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. "იუვენტუსის" ზეწოლას უნდა მიეჩვიოს - ტოპ კლუბის, სადაც ყველა მატჩი უნდა მოიგო".
– რომელი გირჩევნიათ, მბაპე, ჰოლანდი თუ ვლაჰოვიჩი?
"განსხვავებული თავდამსხმელები არიან, განსაკუთრებით მბაპე გამოირჩევა დანარჩენი ორისგან, მაგრამ ყველა ძალიან ძლიერია", - ციტირებს რიბერის სიტყვებს Tuttosport-ი.