ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა: ჩელსის შეუსრულებელი მისია ბერნაბეუზე და მიუნხენური მანქანის დაქოქვის მოლოდინი

ჩემპიონთა ლიგა: ჩელსის შეუსრულებელი მისია ბერნაბეუზე და მიუნხენური მანქანის დაქოქვის მოლოდინი
თარიღი 12 აპრ 2022, 10:54

დღეს, 12 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათიდან დაიწყება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილების განმეორებითი შეხვედრები - მადრიდის "რეალი" მიიღებს ლონდონის "ჩელსის", მიუნხენის "ბაიერნი" კი "ვილიარეალს".

რეალი-ჩელსი

ბევრის აზრით, ამ წყვილში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამართული შეხვედრა დასრულდა მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1. "პსჟ"-ს შემდეგ, კარიმ ბენზემამ არც "არისტოკრატები" დაინდო და კიდევ ერთი ჰეტ-ტრიკი შეასრულა. "ლურჯების" მხრიდან ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა.

ისმის კითხვა - შეუძლია თუ არა "სამეფო კლუბს" შინაურ კედლებში ასეთი სოლიდური სხვაობის განიავება? თეორიულად, რა თქმა უნდა, კი, თუმცა პრაქტიკაში ეს ნაკლებად სავარაუდოა. ობიექტურად, "ბლანკოსი" ცალი ფეხით 1/2 ფინალშია, სადაც "რეკორდმაისტერისა" და ვალენსიელების წყვილს შორის მოგებულს დაელოდება.

ცხადია, სენსაციების მცნება არავის გაუუქმებია და "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები დღეს ბოლომდე იბრძოლებენ. ტომას ტუხელის გუნდს სჭირდება მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოგება, ზუსტად ორბურთიანის შემთხვევაში კი მატჩი დამატებით დროში გაგრძელდება. მოკლედ, "ჩელსის" ბევრი სამუშაო ექნება.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს დღეს დააკლდებიან ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი, აგრეთვე საეჭვოა ფერლან მენდის თამაშიც. ლონდონელების ლაზარეთში კი არიან რომელუ ლუკაკუ, ბენ ჩილუელი, როს ბარკლი და კალუმ ჰადსონ-ოდოი. კარლო ანჩელოტის გუნდისა და "არისტოკრატების" სავარაუდო 11-ეულები კი ასე გამოიყურება:

რეალი - კურტუა, ალაბა, მილიტაო, ნაჩო, კარვახალი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, ვინისიუსი, ბენზემა

ჩელსი - მენდი, სილვა, რუდიგერი, კრისტენსენი, ჯეიმსი, ალონსო, კანტე, ჟორჟინიო, მაუნტი, ჰავერცი, ვერნერი

ბაიერნი-ვილიარეალი

ვალენსიური გუნდის ზღაპარი გრძელდება - ტურინის "იუვენტუსის" სენსაციური განადგურების შემდეგ, დამარცხებული შინაურ კედლებში თვით მიუნხენური მანქანა იქნა. "სუბმარინას" რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, თორემ შედეგი "რეკორდმაისტერისთვის" იქნებოდა ბევრად უფრო კრიტიკული, ვიდრე 0:1-ს აღმოფხვრა.

"წვითელ წყალქვეშანავთან" წაგების მიუხედავად, არსებობს მოსაზრება, რომ "ბავარიას" ფავორიტის სტატუსი არ შელახულა და გერმანიაში ვიხილავთ ჩვეულ სცენარს, ანუ მასპინძლების დომინაციას. "ალიანც არენაზე" ვერ ვიხილავთ კორენტინ ტოლისოსა და ერიკ ჩუპო-მოტინგს, უნაი ემერი კი ალბერტო მორენოს ვერ გამოიყენებს.

ბაიერნი - ნოიერი, ერნანდესი, უპამეკანო, პავარი, დევისი, კიმიხი, გორეცკა, კომანი, გნაბრი, მიულერი, ლევანდოვსკი

ვილიარეალი - რული, ალბიოლი, ტორესი, ფოიტი, ესტუპინიანი, კაპუიე, პარეხო, პედრსა, ლო ჩელსო, დანჯუმა, მორენო