"ეს ყველაზე დიდი ტკივილია", - რონალდუმ ახალშობილი შვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა

გასული წლის ოქტომბერში კრიშტიანუ რონალდუმ გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო: ის და ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდნენ. ჯორჯინამ კი არაერთხელ თქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესო მამაა.
თუმცა, ამ განცხადებიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ფანებს კვლავ მიმართა და თქვა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ერთი შვილი დაკარგა.
რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ერთმანეთი 2016 წელს, ტანსაცმლის მაღაზიაში გაიცნეს, სადაც გოგონა მუშაობდა. მაშინ მას სამუშაოზე გაჩერება ცოტახნით მოუწია და როცა გამოვიდა, თითქმის ორმეტრიანი სიმპათიური მამაკაცი შენიშნა. ეს უკანასკნელი ულამაზეს გოგონას მიესალმა და ასე დაიწყო წყვილს შორის რომანტიკული ურთიერთობა. იმავე წელს მათ შეხვედრა დაიწყეს. მაშინ რონალდუს ქორწილზე ვწერდით და გაჩვენებდით, თუ როგორ გამოიყურება მისი რჩეული.
2017 წლის ზაფხულში წყვილმა დაადასტურა, რომ ტყუპები შეეძინათ - ევა და მატეო. სუროგატი დედისგან. შემოდგომაზე კი ჯორჯინამ მათი საერთო შვილი გააჩინა - ქალიშვილი ალანა. გარდა ამისა, ჯორჯინას გაცნობამდე კრიშტიანუს ვაჟიშვილი უკვე ჰყავდა, რომლის ბიოლოგიურ დედასაც დღემდე არ ასახელებს.
როგორც წყვილმა გასულ შემოდგომაზე გამოაცხადა, ტყუპებს ელოდნენ - ბიჭს და გოგოს. მაგრამ ახლა რონალდუმ სოციალური ქსელის მეშვეობით თქვა, რომ მისი ახალშობილი ბიჭი ვერ გადარჩა.
"უღრმესი მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი პატარა გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მშობელმა განიცადოს. ამ მომენტში მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ გარკვეული იმედითა და ბედნიერებით. ყველანი განადგურებულნი ვართ დანაკარგით და ამ ურთულეს პერიოდში კონფიდენციალურობას ვითხოვთ", - წერს რონალდუ.
კრიშტიანუს სამძიმარი ერთ-ერთმა პირველმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოუცხადა.
"შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, კრიშტიანუ. შენ და შენს ოჯახს სიყვარულს და სიძლიერეს გისურვებთ", - წერია "ემიუს" განცხადებაში.
გარდა ამისა, 37 წლის ფეხბურთელს ყოფილმა კლუბებმაც დაუჭირეს მხარი.
"რეალ მადრიდი", კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ორი შვილიდან ერთ-ერთის გარდაცვალებას, რომელსაც რონალდუ და ჯორჯინა ელოდებოდნენ. "სამეფო კლუბი" იზიარებს ოჯახის ამ ტკივილს და მთელ სითბოს უგზავნის", - იუწყება "ბლანკოსი".
"გამაგრდი, რონალდუ! "სპორტინგის" მთელი ოჯახი შენთანაა", - წერს კრიშტიანუს პირველი კლუბი, ლისაბონის "სპორტინგი" სოციალურ ქსელში.
"ღმერთმა გამძლეობა მოგცეს, კაპიტანო!", - ნათქვამია პორტუგალიის ნაკრების განცხადებაში.