"ჩვენ უბრალოდ ჩაგვძირეს", - პიკეს "წუწუნი" ფედერაციასთან, რომლის შემდეგაც რეალი დაიჩაგრა

ჟერარ პიკემ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან მსაჯების ცუდ მუშაობაზე დაიჩივლა.
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გამოცემა El Confidencial-მა პრეზიდენტის, ლუის რუბიალესისა და ჟერარ პიკეს სატელეფონო საუბრების აუდიო-ჩანაწერები გამოაქვეყნა.
„სოსიედადი“ – „ბარსელონას“ მატჩის შემდეგ, რომელიც 2019 წლის 14 დეკემბერს გაიმართა (2:2). რუბიალესმა პიკეს მოსაკითხად დაურეკა, რა დროსაც მცველმა არბიტრების მუშაობის გაკრიტიკება დაიწყო. ეს საუბარი კლასიკომდე 4 დღით ადრე გაიმართა, რომელიც „კამპ ნოუზე“ 0:0 დასრულდა.
„სოსიედადთან“ მატჩის მე-12 წუთზე სერხიო ბუსკეტსმა მეტოქე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გოლად აქცია. ამავე თამაშის ბოლო წუთებზე პიკე მასზე დაჯარიმების გამო ითხოვდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნას, თუმცა მსაჯმა ამის გაკეთება არ ისურვა.
El Confidencial-მა რუბიალესის და პიკეს საუბრის დეტალები გამოააშკარავა:
რუბიალესი: „როგორ ხარ?“
პიკე: „საშინლად, დღეს შეგნებულად ჩაგვძირეს.“
რუბიალესი: „რა მოხდა, VAR-ს რომ არ გადახედეს, მაგაშია საქმე?“
პიკე: „მათ VAR-ისთვის არც მიუმართავთ, არადა აშკარა პენალტი იყო. ოთახში მომუშავე პერსონალმაც არაფერი თქვა, არადა მსაჯისთვის უნდა ეკარნახათ. განსაკუთრებით, თუ იგივე ეპიზოდზე პირველ ტაიმში ბუსი დააჯარიმეს.“
რუბიალესი: „იცი, რა ხდება, ჯერი? ეს ან უაზრო ხმაურია, ან... მომენტები არ მინახავს. გეფიცები, არ მინახავს. სევილიაში ვიყავი... სევილიაშიც არის ტელევიზია, მაგრამ მე ეს მომენტები არ მინახავს.
ვიცი, რომ შენი მონაწილეობით საკამათო ეპიზოდი იყო, თუ არსებობს ეჭვები, მსაჯი გადასახედად არ მიდის. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. რაც შეეხება საჯარიმოში ხელით დაჭერას - საჭიროა, რომ მომენტი ძალიან აშკარა იყოს. თუ არა და არავინ გადახედავს.
მოგვიანებით ვნახავ, თუ შეცდომა დაუშვეს... ხომ იცი, რომ როცა შუამავალი ვარ, არც ზიანის მიყენება მინდა და არც სარგებლის მოტანა, ხვდები?“
ამ მატჩის შემდეგ, აღნიშნულ არბიტრს (ალბეროლა როხასს) „ბარსელონას“ მატჩებზე თითქმის ერთი წელი აღარ უმუშავია.
„სოსიედადთან“ მატჩიდან 4 დღის შემდეგ შედგა კლასიკო, რომელიც ასევე სკანდალით დასრულდა. თამაშის შემდეგ „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „არც მსაჯს და არც VAR-ს არ დაუნახავს ვარანზე ორი აშკარა პენალტი.“
ამ მატჩზე, ცნობისთვის, არბიტრი ერნანდეს ერნანდესი მუშაობდა.