მისით ტუხელიც ძალიან მოხიბლულია — ჩელსიმ რუდიგერის პოტენციური შემცვლელი შეარჩია
"ლაიფციგის" მცველმა, იოშკო გვარდიოლმა შესაძლოა გერმანული კლუბი დატოვოს და კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
როგორც Get German Football News-ი წერს, Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 20 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას "ჩელსი" განიხილავს.
"არისტოკრატები" ახალგაზრდა ხორვატ უკანახაზელში ანტონიო რუდიგერის შემცვლელს ხედავენ, რომელიც ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
როგორც აღინიშნება, ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს გვარდიოლის თამაში ძალიან მოსწონს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. იოშკო "ლაიფციგში" თამაშით კმაყოფილია და პირველივე სეზონის შემდეგ წასვლაზე არ ფიქრობს.
მიმდინარე სეზონში გვარდიოლმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.