ავტორიზაცია

AS: ბარსელონამ დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა და მისი შემცვლელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა

AS: ბარსელონამ დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა და მისი შემცვლელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა
თარიღი 02 მაი 2022, 16:19

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ფრენკი დე იონგის გაყიდვას და "ვალენსიას" ნახევარმცველის, კარლოს სოლერის შეძენას აპირებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა "ღამურების" 25 წლის ფეხბურთელის 20 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თავად ესპანელთანაც მიაღწიეს კომპრომისს კონტრაქტის პირობებზე. 

ხავიმ "ბარსას" დირექტორს, მატეუ ალემანის აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვის ნებართვა მისცა.

შედეგად, "ბარსელონა" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გასხვისება გადაწყვიტა, რომლისადმიც სერიოზულ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც იჩენენ. "ბარსა" 24 წლის ჰოლანდიელის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონის მიღებას გეგმავს. კლუბში თვლიან, რომ ფრენკის ლიდერული თვისებები აკლია.

როგორც აღინიშნება, ალემანი სოლერს ძალიან აფასებს, რომელმაც "ვალენსიასთან" 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. "ბარსა" მის გადაბირებას 2023 წლის ზაფხულში უფასოდ აპირებდა, მაგრამ მისი შეძენა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.

სოლერს "ვალენსიასთან" მეგობრულად განშორება უნდა. ფეხბურთელი გრძნობს, რომ მომდევნო ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა.

სოლერის "ბლაუგრანაში" გარდაუვალ ტრანსფერზე გავრცელებული ცნობების შემდეგ, "ვალენსიამ" ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ვალენსია" კატეგორიულად უარყოფს "ბარსელონასთან" კარლოს სოლერის ტრანსფერზე შეთანხმებას ან მოლაპარაკებების მიმდინარეობას. კლუბი მასთან და მის აგენტებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობს", - წერია "ღამურების" განცხადებასი.

Marca "ბარსელონას" ოფიციალურ წყაროებს დაუკავშირდა. კატალონიურ გრანდშიც თქვეს, რომ "ვალენსიასთან" მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

მიმდინარე სეზონში სოლერმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.