VIDEO: 0:2-დან მოტრიალებული მატჩი, დამარცხებული ვილიარეალი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალური დაპირისპირების ეგიდით, "ლივერპული" "ვილიარეალს" ესტუმრა.
აღნიშნული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2 (ორი მატჩის ჯამში 5:2).
ანგარიში მატჩის სტარტზევე გაიხსნა - მე-3 წუთზე იურგენ კლოპის ბიჭების კარი ბულაიე დიამ აიღო.
პირველი ტაიმის მიწურულს "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მეორე ბურთიც შეაგდო და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა - 41-ე წუთზე ფრენსის კოკლენმა გაიტანა.
მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობისა, შესვენების შემდეგ "ვილიარეალმა" სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
62-ე წუთზე ფაბინიომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად 5 წუთში ლუის დიასმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 74-ე წუთზე სადიო მანემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო წერტილიც დასვა.
ასე და ამგვარად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ფინალისტი "ლივერპულია" და მისი მეტოქე ხვალინდელი მატჩის შემდეგ გაირკვევა, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.