ავტორიზაცია

VIDEO: ენფილდზე დაკარგული ქულები — ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ლივერპულმა ტოტენჰემს ვერ მოუგო

თარიღი 08 მაი 2022, 01:18

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" შინაურ კედლებში "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა მერსისაიდულმა კლუბმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - 1:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე სონ ჰინ მინმა გახსნა და "დეზები" დააწინაურა.

იურგენ კლოპის ბიჭებმა 74-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - ლონდონელთა კარი ლუის დიასმა აიღო.

საბოლოო ჯამში, ოთხეულისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "ტოტენჰემმა" "ენფილდიდან" ქულის წამოღება მოახერხა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ლივერპული" გალიდერდა - "წითლების" აქტივში "მანჩესტერ სიტის" მსგავსად 83 ქულაა და პირველ პოზიციას ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით იკავებს, თუმცა "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", "დეზებს" 62 ქულა დაუგროვდათ და მე-5 პოზიციაზე არიან, მეოთხეადგილოსან "არსენალს", რომელსაც ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.