ავტორიზაცია

მოულოდნელი შედეგები, მიქაძის ეფექტით: ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელი საქართველოში?

მოულოდნელი შედეგები, მიქაძის ეფექტით: ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელი საქართველოში?
თარიღი 14 May 2022, 18:39

ეროვნული ლიგის ამ სეზონის დაწყების წინ წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გახდა.

მიქაძემ გუნდთან ერთად თურქული სრულფასოვანი შეკრება გაიარა და დაიმატა ის ფეხბურთელები, ვინც მის ხედვაში ჯდებოდა.

შედეგიც სახეზეა - 13 ტურის შემდეგ, "სამგურალი" მესამე ადგილზეა და მხოლოდ "დინამო თბილისსა" და "დინამო ბათუმს" ჩამორჩება. მათ ბათუმის შემდეგ ყველაზე ნაკლები, 9 გოლი აქვთ გაშვებული.

არადა, ვერ ვიტყვით, რომ "სამგურალს" იმ დონის ფეხბურთელები ჰყავს, მათი მესამე ადგილზე ყოფნა რომ გვევარაუდა, აქ მთავარი მიქაძის ეფექტია.

42 წლის სპეციალისტმა სწორი მუშაობით გააკეთა იმდენი, რომ დღეს "საბურთალოზე", "დილაზე" და სხვა გუნდებზე წინაა.

მიქაძეს 18-წლამდე ნაკრებში წარმატებული მატჩები ჰქონდა, 2 წლის წინ გასავარდნად განწირულ "სამტრედიაში" მივიდა და სეზონის ბოლოს გუნდი ისე აათამაშა, გავარდნას გადაარჩინა, იგივე გააკეთა გასულ წელს "თელავშიც."

ის იმ იშვიათ სპეციალისტთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც იცის, კონკრეტულ მატჩში, კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ, რა ტაქტიკით ითამაშოს და რა დაუპირისპიროს მეტოქეს.

ჯერჯერობით, მიქაძეს ისეთ გუნდში მუშაობა არ მოუწია, რომელსაც მაღალი მიზნები და დიდი ბიუჯეტი აქვს ("საბურთალო", "დინამო თბილისი", "დინამო ბათუმი..."), მაგრამ მიქაძის შრომა დაუფასებელი არ დარჩება და ამის დროც მოვა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი