ავტორიზაცია

VIDEO: 0:2-დან შემოტრიალებული მატჩი, 86-ე წუთზე გაფუჭებული პენალტი — სიტიმ ვესტ ჰემთან ქულები დაკარგა

თარიღი 15 მაი 2022, 18:56

ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურის ეგიდით, "ვესტ ჰემმა" შინაურ კედლებში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული, უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ დასრულდა - 2:2.

ანგარიში 24-ე წუთზე "ჩაქუჩების" თავდამსხმელმა, ჯაროდ ბოუენმა გახსნა, რომელმაც 45-ე წუთზე "ქალაქელებს" მეორე გოლიც გაუტანა, დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი "ვესტ ჰემმა" მოულოდნელად ორბურთიანი ჰანდიკაპით მოიგო.

რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და სხვაობის შემცირება დებიუტშივე მოახერხეს - 49-ე წუთზე თავი ჯეკ გრილიშმა გამოიჩინა.

69-ე წუთზე ლონდონელთა მცველმა, ვლადიმირ ცოუფალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ "სიტის" უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვების 100%-ანი შანსი ბოლო წუთებზე მიეცა - 86-ე წუთზე მანჩესტერელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ნიშნულთან რიად მაჰრეზი მივიდა, თუმცა ლუკაშ ფაბიანსკის ვერ აჯობა.

ამ შეხვედრის შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პეპ გვარდიოლას ბიჭები 90 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებენ, მაგრამ უახლოეს მდევარ "ლივერპულთან" პოტენციური ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა - მერსისაიდელები თავიანთ მატჩს ზეგ "საუთჰემპტონთან" სტუმრად გამართავენ.