ავტორიზაცია

კრისტენსენმა თასის ფინალში თამაშზე უარი მატჩის დღეს თქვა — მიზეზი ბარსაში მოახლოებული ტრანსფერია?

კრისტენსენმა თასის ფინალში თამაშზე უარი მატჩის დღეს თქვა — მიზეზი ბარსაში მოახლოებული ტრანსფერია?
თარიღი 16 მაი 2022, 14:16

მოგეხსენებათ, "ჩელსის" მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა ინგლისის თასის ფინალი გამოტოვა, თუმცა ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა.

დანიელი უკანახაზელი "ლივერპულთან" (0:0, 5:6 პენ.) გამართული შეხვედრის განაცხადშიც კი არ გახლდათ.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი წერს, 26 წლის ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, ტიაგო სილვამ კი ტკივილებით ითამაშა - ბრაზილიელს მუხლი აქვს დაზიანებული.

The Telegraph-ის ცნობით, კრისტენსენმა მატჩის დღეს თქვა თამაშზე უარი. სასტარტოში სწორედ ანდრეასის დაყენება იგეგმებოდა, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს აცნობა, რომ მოედანზე გასასვლელად მზად არ იყო.

კრისტენსენს "ჩელსიში" ტრავმის შესახებ ნამდვილად არ განუცხადებია, მაგრამ მასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ორი კვირის მანძილზე თავს შეუძლოდ გრძნობდა და არ ელოდა, რომ "ლივერპულთან" მატჩში ძირითადში დააყენებდნენ. მათი თქმით, ანდრეასი თასის ფინალს მხოლოდ დასაშვები მიზეზის გამო გამოტოვებდა.

მიმდინარე სეზონში ლონდონურ კლუბს კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - "ლესტერთან" და "უოტფორდთან", მაგრამ ახლა უცნობია, გამოჩნდება თუ არა კრისტენსენი ამ შეხვედრებში მოედანზე.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატთა" უკანახაზელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით, კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.