ავტორიზაცია

დეტალებიც გახმაურდა — ზღაპრული კონტრაქტი, რომელსაც პსჟ მბაპეს სთავაზობდა

დეტალებიც გახმაურდა — ზღაპრული კონტრაქტი, რომელსაც პსჟ მბაპეს სთავაზობდა
თარიღი 18 May 2022, 13:37

"პარი სენ ჟერმენი" მზად იყო თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი ხელფასი ეხადა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, ფრანგული კლუბი 23 წლის სუპერვარსკვლავს სთავაზობდა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურებას ორჯერ გაუზრდიდა.

ასე და ამგვარად, თანხმობის შემთხვევაში, კილიანი თვეში დაახლოებით 4 მილიონ ფუნტს (4,7 მლნ ევრო) გამოიმუშავებდა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდებოდა.

გარდა ამისა, პარიზელები მბაპეს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის 100 მილიონ ფუნტიან (118 მლნ ევროზე ოდნავ მეტი) ბონუსსაც ჰპირდებოდა. აგრეთვე, კონტრაქტი ითვალისწინებდა ბონუსებს გოლების რაოდენობის, "ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. ამასთანავე, მბაპეს საკუთარ საიმიჯო უფლებებზე სრული კონტროლი ექნებოდა.

პარიზში იციან, "რეალში" ახალგაზრდა შემტევი ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებს და ფინანსურ მხარეს მომავალზე მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

"პსჟ"-მ მბაპესთვის ბრძოლა შეწყვიტა და ფიქრობს, რომ ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" გადასვლას მალე დაადასტურებს.

მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი პასი გააკეთა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას მომავალ თვეში ეწურება.