ავტორიზაცია

ბარსელონას გარდა, ლევანდოვსკი პსჟ-სა და ჩელსისაც სურთ — პოლონელმა არჩევანი უკვე გააკეთა

ბარსელონას გარდა, ლევანდოვსკი პსჟ-სა და ჩელსისაც სურთ — პოლონელმა არჩევანი უკვე გააკეთა
თარიღი 18 მაი 2022, 13:49

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი უკვე რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ასე და ამგვარად, მომავალი ზაფხულისთვის 33 წლის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებას "ჩელსი" და "პსჟ"-ც გეგმავენ.

მიუხედავად ინგლისური და ფრანგული გრანდების მხრიდან არსებული ყურადღებისა, პოლონელი ფორვარდის პრიორიტეტი "ბარსელონაში" გადასვლაა, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გარდა ამისა, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი წერს, "რეკორდმაისტერის" ლიდერის აგენტი, პინი ზაჰავიც კატალონიურ გრანდს ანიჭებს უპირატესობას.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ლევანდოვსკის 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ტრანსფერის დასახურად ჯერ "ბაიერნს" უნდა შეუთანხმდნენ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსა" "რეკორდმაისტერს" 35 მილიონ ევროზე მეტს ვერ შესთავაზებს. თავად ფეხბურთელი კი მზად არის წელიწადში 16-მილიონიან ხელფასს დათანხმდეს, როცა ამჟამად "ბაიერნში" 22 მილიონს გამოიმუშავებს.

2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ, რომელსაც მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.