ავტორიზაცია

ბარსელონას კუნდეს გადაბირება სურს და მზად არის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს

ბარსელონას კუნდეს გადაბირება სურს და მზად არის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს
თარიღი 19 მაი 2022, 12:18

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდება უნდა, იტყობინება Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულისთვის კატალონიური გრანდის ერთ-ერთი მიზანი ცენტრბეკის დამატებაა. ხავი, მისი სამწვრთნელო შტაბი და კლუბის სპორტული მენეჯმენტი 23 წლის ფრანგით მოხიბლულები არიან.

"ბარსაში" ესმით, რომ ხერარდ პიკე უმაღლეს დონეზე დიდხანს ვეღარ ითამაშებს და მათი აზრით, კუნდე რონალდ არაუხოსთან ბრწყინვალე წყვილს ჩამოაყალიბებს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჟიულზე ძალიან კარგი შეფასებები მიიღეს.

მთავარ დაბრკოლებად ამ ფეხბურთელი ფასი რჩება - "სევილია" 80 მილიონ ევროს ითხოვს. "ბარსელონას" ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კლუბს ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია, მაგრამ "სევილია", რომელმაც ამის შესახებ იცის, შესაძლოა ტრანსფერში რამდენიმე მოთამაშის ჩართვას დათანხმდეს.

"სევილიამ" აქამდე კუნდეს გაყიდვა ორჯერ იუარა, მაგრამ ახლა კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმადაც კარგი წინადადების შემთხვევაში მას გაუშვებენ.

თავის მხრივ, "ბარსელონა" მზადაა ტრანსფერში სერჟინიო დესტი და კლემან ლანგლე ჩართოს, ეს უკანასკნელი კატალონიაში 2018 წელს სწორედ "სევილიადან" გადაბარგდა. ანდალუსიელები ამერიკელის შესაძლო დამატებას დადებითად აფასებენ, ფრანგთან დაკავშირებით კი გარკვეული ეჭვები აქვთ.

"სევილიას" მენეჯმენტს დესტი ჯერ კიდევ იმ დროიდან მოსწონდა, როცა იგი "აიაქსში" ასპარეზობდა. მასში 36 წლის ხესუს ნავასის იდეალურ შემცვლელს ხედავენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.