პსჟ-ს პრეზიდენტი მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.
"კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩვენი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული მომენტია და შესანიშნავი ამბავი გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით".
"მას შემდეგ, რაც კილიანი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ყველა ასპექტში მიაღწია სიდიადეს, რაც მისი ასაკის ადამიანებისთვის დამახასიათებელი არ არის. კონტრაქტის გახანგრძლივებით ის ჩვენი კლუბის მომავლის საფუძველი იქნება, როგორც მოედანზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ".
"წარმოუდგენლად ამაყი და ბედნიერი ვარ - კილიანის, გულშემატკივრების, "პსჟ"-ს მთელი ოჯახის გამო, მიხარია, რომ ჩვენს ბრწყინვალე თავგადასავალს ერთად გავაგრძელებთ. კლუბის ისტორიაში უდიდესი თავები ჯერ კიდევ წინ არის", - ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.