ავტორიზაცია

იმ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, რომლის შეძენაც მბაპემ პსჟ-ს სთხოვა, ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

იმ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, რომლის შეძენაც მბაპემ პსჟ-ს სთხოვა, ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 24 მაი 2022, 10:59

"მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენისთვის ბრძოლას "რეალი" და "ლივერპული" ლიდერობენ.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ ტრანსფერის გაჩარხვისთვის, რომლის ფასიც 50 მილიონ ევროს გადააჭარბებს, საუკეთესო მდგომარეობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები არიან.

აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპე ტჩუამენის ახლო მეგობარია და "პსჟ"-ს მისი შეძენა სთხოვა, თუმცა, როგორც ფრანგულ მედიაში იუწყებიან, პარიზელებმა დააგვიანეს, რადგან "რეალი" და "ლივერპული" უკვე დიდი ხანია ამ გარიგებაზე მუშაობენ.

"რეალი" "აიაქსის" ნახევარმცველ რაიან გრავენბერხის ვარიანტსაც განიხილავს, რომელიც "ბაიერნში" გადასვლასთან არის ახლოს, მაგრამ ამ ზაფხულისთვის მადრიდელთა მთავარი სამიზნე ყოველთვის ტჩუამენი იყო. იანვარში ფლორენტინო პერესის მრჩევლის ფუნქციების შემსრულებელი სკაუტი, ჯუნი კალაფატი მონაკოში ჩავიდა, რათა მომავალი გარიგებისთვის საფუძველი ჩაეყარა.

სეზონის მეორე ნახევარში თავის კარგად წარმოჩენა მოახერხეს ფედე ვალვერდემ და ედუარდო კამავინგამ, თუმცა კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელია საჭირო, რადგან ძირითად როლს 30 წლის კაზემირო, 36 წლის ლუკა მოდრიჩი და 32 წლის ტონი კროოსი ასრულებენ. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელების აზრით, ტჩუამენი კაზემიროს გრძელვადიანი შემცვლელი იქნება.

2021/22 წლების სეზონში 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.