ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედში ორი დაჯგუფებაა: ბრიტანელების და უცხოელების, რონალდუს მეთაურობით — ESPN

მანჩესტერ იუნაიტედში ორი დაჯგუფებაა: ბრიტანელების და უცხოელების, რონალდუს მეთაურობით — ESPN
თარიღი 24 მაი 2022, 11:16

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ჯგუფებად დაიყვნენ, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი.

ზოგიერთი მოთამაშე პრესკონფერენციებზე რალფ რანგნიკის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა გააბრაზა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულობამ იმატა. დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუზე, ჰარი მაგუაირზე, მარკუს რეშფორდსა და ედინსონ კავანიზე ნათქვამი სიტყვების გამო გამწვავდა.

"ბრიტანელი ფეხბურთელები, როგორც წესი, ერთად იყვნენ, როცა ბევრი უცხოელი ფეხბურთელი რონალდუსკენ იყო მიდრეკილი. დიდი იმედგაცრუება მოჰყვა სტატიებს, სადაც წერდნენ, რომ ზოგიერთი მაგუაირის კაპიტნობით უკმაყოფილო იყო, მაგრამ რეალურად ასეთია სიტუაცია", - განუცხადა ESPN-ს აღნიშნული სიტუაციის მცოდნე წყარომ.

ESPN-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში "ატლეტიკოსთან" გამართული პირველი მატჩის წინ, ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის ჩხუბი ატყდა.

გარდა ამისა, ფეხბურთელები ეჭვობდნენ, რომ გასახდელიდან ამბები სამ პირს გაჰქონდა, საიდანაც ერთ-ერთი მუდმივი იყო.

"ემიუს" გასახდელში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა აპრილში შეიქმნა, "ლივერპულთან" (0:4) მატჩის მიმდინარეობისას. მთავარი მიზეზი რანგნიკის მიერ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ - გერმანელმა სპეციალისტმა სამი მცველით თამაში გადაწყვიტა, თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ფილ ჯონსი შეუშვა, შემდეგ კი შესვენებაზე შეცვალა.

"რანგნიკმა ფილ ჯონსი "ენფილდზე" სრულიად დაუცველი დატოვა. ფაქტიურად აიგნორებდა სამი თვე, შემდეგ კი ფსკერზე ჩააგდო. ჰარი მაგუაირს ცუდი საღამო ჰქონდა, მაგრამ რანგნიკმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღო და შესვენებაზე ჯონსი შეცვალა, რადგან მაგუაირის გაყვანის გამბედაობა არ ეყო", - ამბობს ESPN-სთან საუბრისას წყარო.

10 დღის შემდეგ რანგნიკმა გამოაცხადა, რომ ავსტრიის ნაკრებს გაწვრთნის, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმებული იყო და კიდევ ორი წელი კლუბში კონსულტანტად უნდა ემუშავა.

"ავსტრიასთან მუშაობაზე დათანხმებით, რანგნიკმა "იუნაიტედს" სიკეთე გაუკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლია მასთან თანამშრომლობა შეწყვიტოს, დაივიწყოს მისი საკონსულტაციო როლის შესახებ და ხაზი გაუსვან კლუბში მის საშინელ სამ თვეს", - დასძინა წყარომ.