ავტორიზაცია

"საერთოდ არ ველოდი, მაგრამ ჭკუიდან არ შევშლილვარ", - მოდრიჩი 2018 წელს მოგებულ ოქროს ბურთზე

"საერთოდ არ ველოდი, მაგრამ ჭკუიდან არ შევშლილვარ", - მოდრიჩი 2018 წელს მოგებულ ოქროს ბურთზე
თარიღი 24 მაი 2022, 12:52

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის წარმატების შემდეგ "ოქროს ბურთის" მოგება გაიხსენა.

მოგეხსენებათ, მაშინ ხორვატიის ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან (2:4) დამარცხდა.

– როცა ხორვატიაში ჩახვედი, წარმოუდგენელი იყო. როგორ გრძნობს თავს ფეხბურთელი, როდესაც ხედავს, რომ მოედანზე მისი ქმედებები ხალხს ასეთ ბედნიერებას ანიჭებს?

"საუკეთესო გრძნობაა. როცა ხედავ, ამდენი ადამიანი გააბედნიერე, რომლებსაც ყოველდღიური პრობლემებიც კი დაავიწყე, წარმოუდგენელ სიხარულს გგვრის. სიამაყეს გრძნობ იმის გამო, რომ შეგიძლია ამ გზით შენი ქვეყანა წარმოადგინო და უამრავი ადამიანი გააბედნიერო".

– ყველა ამ ტურნირის შემდეგ - ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი - "ოქროს ბურთს" ისაკუთრებ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ამ ჯილდოს მოგება ძალიან რთულია, თუ თავდამსხმელი არ ხარ. მათ ყველაზე მეტი გოლი გააქვთ, თამაშზე გავლენას ახდენენ, ამიტომაც სხვა პოზიციის ფეხბურთელმა "ოქროს ბურთის" მოსაგებად ძალიან კარგად უნდა ითამაშო. ელოდი გამარჯვებას? 

"ვფიცავ, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ინდივიდუალურ დონეზე ფეხბურთელის თავს მოხდეს. მაგრამ "ოქროს ბურთის" გამო ჭკუიდან არ შევშლილვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია: "რა შემიძლია გავაკეთო მისთვის? როგორ შემიძლია დავეხმარო ტიტულების მოგებაში?".

"შემდეგ კი, ის ხალხი, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეობს, აღიარებს შენს სამუშაოს, შენს ქმედებებს, შენს უნარებს, შენს...".

– შრომისმოყვარეობას.

"შრომისმოყვარეობას... ეს წარმოუდგენელია. ამას საერთოდ არ ველოდი, საკუთარ თავთან გულახდილი უნდა ვიყო. მაგრამ ცერემონია ახლოვდებოდა და ჩემი სახელის ხსენება დაიწყეს... ეს მომენტი, უჰ...".

– "და თუ მომცემენ..."

"თუ დავისაკუთრებ, შესანიშნავი იქნება. ვიმედოვნებ, ეს მოხდება (იღიმის)". მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ზედმეტად ავღელდებოდი და იმედგაცრუებული დავრჩებოდი, რომ ვერ მომეგო".

"მშვიდად ვიყავი. "თუ ეს მოხდება, მაშინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება, თუ არ მოხდება, არაუშავს". ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, როგორც ყოველთვის, სულ ეს არის", - თქვა 36 წლის ხორვატმა.