ეს დღეც დადგა! ევროპულ საკლუბო ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგის ფინალი დახურავს

მორიგი საინტერესო და დაძაბული ევროპული საკლუბო სეზონი დღეს, 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალით დაიხურება, რომელშიც ერთმანეთს „ლივერპული“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა პარიზში, „სტად დე ფრანსზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი კი ფრანგი კლემან ტიურპენი იქნება.
ტრადიციულად, ევროპულ საკლუბო სეზონს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხურავს. „ლივერპულმა“ ბევრი იბრძოლა, მაგრამ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში „სიტისთან“ მარინც დამარცხდა, თანაც მაქსიმალურად დრამატულად - „ასტონ ვილა“ გვარდიოლას გუნდს 2:0-ს უგებდა, თუმცა 6 წუთში სამი უპასუხო გოლი გაუშვა და ამან, „სიტის“ საშუალება მისცა, „ლივერპულისთვის“ 1 ქულით გადაესწრო.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ეს სეზონი მერსისაიდული გუნდისთვის, მათთვის ის უკვე საკმაოდ წარმატებულია, რადგან გუნდმა ინგლისის თასიც მოიგო და ინგლისის ლიგის თასიც, ორივეჯერ ფინალში, ორივეჯერ პენალტებში „ჩელსი“ იქნა დამარცხებული. გარდა ამისა, იურგენ კლოპი, მეორეზე გასვლის მიუხედავად, პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში განვლილ გზას გადავხედავთ, „ლივერპულის“ გზა მის მეტოქესთან შედარებით „იოლ გასეირნებად“ მოგვეჩვენება. მერვედფინალის შემდეგ კლოპის გუნდმა ჯერ „ინტერი“ ჩამოიტოვა, შემდეგ „ბენფიკა“, ბოლოს კი „ვილიარეალი“. იმ დროს, როცა პარალელურად, „რეალს“ ევროპის საუკეთესო გუნდებთან უწევდა ჭიდილი და დრამის გარეშე არსად არ გამოუვლია.
საკმაოდ დიდი დრო ეთმობა ე.წ. „რევანს“, რომელზეც 2018 წლის წაგებული ფინალის შემდეგ, მო სალაჰი საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს. იმ მატჩში მან ტრავმაც მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა, რამაც მის მოგონებაში ეს თამაში კიდევ უფრო მწარედ დალექა. ფინალის მეტოქის გარკვევის შემდეგ, ეგვიპტელმა „რეალზე“ შურისძიების აუცილებლობაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ისაუბრა. თუმცა, იურგენ კლოპს სიტყვა „შურისძიების“ გაგონებაც კი არ უნდა და ამბობს, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ფინალია და არა რაიმე არასაფეხბურთო რევანში.
რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელებმა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს გაინაღდეს და პრაქტიკულად სრული ერთი თვეა გონებით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იყვნენ. სწორედ ამან განაპირობა გუნდის შედეგების გაუარესება სეზონის ფინიშზე - გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, მაგრამ ამას ახსნაც აქვს - ანჩელოტის ფეხბურთელების გადაღლა ნამდვილად არ სურდა, როცა სატურნირო მოტივაცია გუნდს აღარ ჰქონდა.
კარლო ანჩელოტის დანიშვნას სეზონის სტარტზე ბევრი სკეპტიკურად აფასებდა, რადგან ის „ძველი“ მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ იტალიელმა ყველა კრიტიკოსი საოცრად დაადუმა - სერხიო რამოსის და რაფა ვარანის წასვლით მოსუსტებული „რეალი“ დამაჯერებლად მიიყვანა ლა ლიგის ჩემპიონობამდე და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც არის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლიგის დაწყების წინ, ბუკმეიკერებს „რეალი“ ტურნირის 10 ფავორიტს შორისაც კი არ გაჰყავდათ.
აღსანიშნავია ასევე კარიმ ბენზემას და ვინი ჯუნიორის პროგრესიც - ფრანგი ჯერ კიდევ რონალდუს წასვლის შემდეგ გახდა სტაბილური გოლეადორი, თუმცა ამ სეზონში სულ სხვა დონეზე ავიდა და ოქროს ბურთის რეალურ პრეტენდენტადაც იქცა. რაც შეეხება ბრაზილიელს - აქ პროგრესი თვალშისაცემია, ფეხბურთელმა შედეგიანობით ერთ სეზონში თავისი ყველა კარიერული ციფრი ჩამოიტოვა.
რას უნდა ველოდოთ მატჩისგან? ამ ჩემპიონთა ლიგამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კოლექტიურად, „რეალი“ შეიძლება მეტოქეს თამაშით ჩამოუვარდებოდეს, რაც პლეიოფის პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში მოხდა, თუმცა საჭირო მომენტში, ინდივიდუალურმა ოსტატობამ და კარლო ანჩელოტის აწეულმა წარბმა, როგორც ხშირად ხუმრობენ, შესაძლოა მოწინავე პოზიცია დაიკავოს და გუნდმა კიდევ ერთი, უკვე მე-14 ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.
ბუკმეიკერების აზრით, ფინალის ცალსახა ფავორიტი „ლივერპულია“, რომლის გამარჯვებასაც 2.07 აქვს კოეფიციენტი, „რეალის“ წარმატება კი 3.65-ად ფასდება. ფრის ალბათობა 3.72-ს შეადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ თასის აწევას, აქაც „ლივერპულს“ აქვს უპირატესობა (1.61), „რეალის“ კი ნაკლებად სჯერათ (2.44).
სავარაუდო შემადგენლობები:
„ლივერპული“: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, კეიტა - სალაჰი, მანე, ლუის დიასი
„რეალი“: კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე - ბენზემა, ვინისიუსი.