ავტორიზაცია

შემცვლელი უკვე ნაპოვნია — ორი კლუბი, რომელსაც მანჩესტერ სიტიმ ზინჩენკოს შეძენა შესთავაზა

შემცვლელი უკვე ნაპოვნია — ორი კლუბი, რომელსაც მანჩესტერ სიტიმ ზინჩენკოს შეძენა შესთავაზა
თარიღი 01 ივნ 2022, 10:37

"მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"ქალაქელებს" უკრაინელის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატება სურთ და "ბრაიტონში" მოასპარეზე მარკ კუკურელიასადმი იჩენენ ინტერესს.

სწორედ ამიტომ, როგორც The Athletic-ი წერს, მანჩესტერულმა კლუბმა ზინჩენკოს შეძენა "ევერტონსა" და "ნიუკასლს" შესთავაზა.

პეპ გვარდიოლას გუნდში 25 წლის ფეხბურთელი ძირითადად დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ სხვა კლუბში გადასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, უფრო ხშირად ნახევარდაცვაში იასპარეზებს.

"ევერტონი", რომელმაც ძირითადი მარცხენა მცველის, ლუკა დინის შემცვლელად ვიტალი მიკოლენკო დაიმატა, ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს მოძებნის. თუ ზინჩენკო "კანფეტებს" შეუერთდება, მაშინ ლივერპულელთა რიგებში სავარაუდოდ მოედნის ცენტრში იმოქმედებს. მისდამი "ნიუკასლის" ინტერესი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეისყიდიან თუ არა "კაჭკაჭები" "ასტონ ვილადან" მეტ ტარგეტს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სიტის" უკანახაზელისადმი ყურადღებას ლონდონის "არსენალიც" იჩენს.

გასულ სეზონში ზინჩენკომ ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.