ავტორიზაცია

"იყო და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ, რონალდუს მსგავსად", - ბონუჩი მესის განცხადებას გამოეხმაურა

"იყო და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ, რონალდუს მსგავსად", - ბონუჩი მესის განცხადებას გამოეხმაურა
თარიღი 01 ივნ 2022, 15:38

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის განცხადებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ "სკუადრა აძურას" მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ.

"მესის მადლიერები ვართ თბილი სიტყვებისთვის. მაგრამ ეს ჭრილობა ღია დარჩება იქამდე, სანამ იქ არ ვითამაშებთ. ბევრი შეცდომა დავუშვით და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ცოტა დაგვაკლდა იმ ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად, სადაც ასპარეზობაც თითოეული ფეხბურთელისთვის რაღაც განსაკუთრებულია".

"რაც შეეხება მესის, ძნელია სიტყვების პოვნა იმ მოთამაშის დასახასიათებლად, რომელსაც ამდენი "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული. ის, როგორც კრიშტიანუ რონალდუ, იყო და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ. მას დიდი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ", - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Sky Sport Italia.

მოგეხსენებათ, დღეს "ფინალისიმა" გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოქმედი ევროპის ჩემპიონი, იტალია და კოპა ამერიკის გამარჯვებული, არგენტინა ლონდონში, "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან.