ლეოს მე-40 — კარიერაში მესიზე მეტი ტიტული მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს მოგებული
ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში თავისი მე-40 ტიტული მოიგო და დანი ალვეშთან ჩამორჩენა შეამცირა.
მოგეხსენებათ, 34 წლის ფორვარდი არგენტინის ნაკრებთან ერთად "ფინალისიმას" გამარჯვებული გახდა - "ალბისელესტემ" იტალიის ნაკრები (3:0) დაამარცხა.
ასე და ამგვარად, ლეოს "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგა 10-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ, ქვეყნის თასი 7-ჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი კი 3-3-ჯერ აქვს მოგებული. "პსჟ"-სთან ერთად კი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
არგენტინის ნაკრების რიგებში ლიონელი კოპა ამერიკის ტიტულს დაეუფლა, ოლიმპიადა მოიგო, აგრეთვე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
კარიერაში მოგებული ტიტულების რაოდენობით, მესიმ "ბარსას" ექს-ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას (39 ტიტული) გადაასწრო.
აღსანიშნავია, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ტიტულოვანი "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეშია - 46.
მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ალვეშის აქტივში 42 ტიტულია. ეჭვქვეშ აყენებენ 2001 წელს "ბაიასთან" ერთად მოგებულ შტაბის ჩემპიონატსა და ნორდესტეს თასს. გარდა ამისა, ყველა არ თვლის 2018 წლის საფრანგეთის სუპერთასს, რადგან იმ მატჩში დანი "პსჟ"-ს განაცხადში ვერ მოხვდა, აგრეთვე 2003 წელს ნაკრების რიგებში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოპოვებულ გამარჯვებას.