"ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრის შეძახილი ჩვენთვის დიდი მოტივაცია იქნება" - სანიოლი მატჩის წინ
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ მნიშვნელოვან მატჩს სტუმრად ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
გუნდის მომზადებაზე
სასიამოვნოა, რომ ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ. შეკრებაზე 29 ფეხბურთელი წამოვიყვანეთ, შესაბამისად ხვალ ძალებს გადავანაწილებთ და გიბრალტართან შედარებით სხვა შემადგენლობას დავაყენებ. მატჩისწინა ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იქნება ძირითადში.
ტრავმები ნაკრებში
გიორგი წიტაიშვილის ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს, მას სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და სათამაშოდ მზად არ არის, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. არიან ფეხბურთელები, ვინც 90 წუთი ითამაშეს, ზოგმა 60 წუთი ითამაშა. საბოლოო ჯამში აღდგენის პროცესმა წარმატებით ჩაიარა.
გულშემატკივრებზე
როგორც ვიცი, ბულგარეთში 100-მდე გულშემატკივარი ჩამოვიდა. როდესაც ტრიბუნიდან ქართულ შეძახილებს გავიგებთ, ეს ჩვენთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
რა უნდა დავუპირისპიროთ ბულგარეთს?
ზოგადად, შემტევი ტაქტიკა მეტოქეს საშუალებას აძლევს, აქეთაც შემოგიტიოს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს ის თამაში ვანახოთ, რაც ჩვენს სტილშია. მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი ძლიერი მეტოქე არ იყო, მათთან ეს გამოგვივიდა. 6 თვეა ამ ტაქტიკით ვთამაშობთ და კარგი შედეგი გვაქვს, ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯერა და ვიცი, რომ დავალებას კარგად შეასრულებენ.
ბულგარეთთან ბოლო მარცხზე
ბოლოს ბულგარეთთან 1:4 წავაგეთ, თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო, სადაც როგორც წესი მწვრთნელები ბევრ ექსპერიმენტს ატარებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ბულგარეთი ურთულესი მეტოქეა და მათთან ხვალაც მძიმე მატჩი გველის. ჩვენ კი ახლა ბევრად სხვა ნაკრები ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით.
GOAL.GE ბულგარეთიდან