ავტორიზაცია

რეალში ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა — ჟეზუსისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურდებიან

რეალში ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა — ჟეზუსისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურდებიან
თარიღი 07 ივნ 2022, 15:59

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 25 წლის ფორვარდისადმი ყურადღებას "ჩელსი" იჩენს და ამ ზაფხულს გეგმავს მის შეძენას. გარდა ამისა, ბრაზილიელის სიტუაციას "არსენალი" და "ტოტენჰემიც" აკვირდებიან.

"ჩელსიმ" ჟეზუსს უკვე აცნობა, რომ ოფიციალური წინადადებით იმ შემთხვევაშიც მიმართავს, თუ ეს პროცესი კლუბის გაყიდვის გამო გაიწელება. ასე და ამგვარად, ახლა დრო "არისტოკრატების" წინააღმდეგ მოქმედებს, რამაც შესაძლოა "მეთოფეებსა" და "დეზებს" უპირატესობა მისცეს.

გარდა ამისა, Cadena SER-ის ჟურნალისტ ანტონ მეანას ცნობით, ამჟამად "რეალი" ჟეზუსის დამატების ვარიანტს არ განიხილავს, რადგან მადრიდულ გრანდს მისი სატრანსფერო ღირებულების გადახდა არ შეუძლია.

მადრიდში ტრანსფერს ხელს კიდევ ერთი რამ უშლის - "ქალაქელთა" შემტევი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაშია დაბადებული. დაშვებული რაოდენობა ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგო გოესსა და ედერ მილიტაოს აქვთ შევსებული. დიდი ალბათობით, პირველი მათგანი ესპანურ პასპორტს აიღებს, მაგრამ ეს პროცესი გაჭიანურდა. ამიტომაც, "სამეფო კლუბმა" ზედმეტი სირთულეებისგან თავის არიდება გადაწყვიტა.

გასულ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.