ავტორიზაცია

ვალბუენა: "იმის თქმა, რომ ბენზემა ოქროს ბურთს არ იმსახურებს, არასამართლიანი იქნება"

ვალბუენა: "იმის თქმა, რომ ბენზემა ოქროს ბურთს არ იმსახურებს, არასამართლიანი იქნება"
თარიღი 08 ივნ 2022, 17:16

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველის, მატიე ვალბუენას აზრით, კარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა.

"არასამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ "ოქროს ბურთს" არ იმსახურებს. დიახ, ამ ჯილდოს იმსახურებს. სპორტული თვალსაზრისით, შემიძლია ობიექტურად ვისაუბრო".

"მე ჩემი გზა მაქვს, არანაირი პრობლემა არ არსებობს", - თქვა 37 წლის ფეხბურთელმა RMC Sport-თან საუბრისას.

მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფეხბურთელებს უკავშირდება საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე - გამოძიების მტკიცებით, 2015 წელს "რეალის" ფორვარდი შუამავლის როლს ასრულებდა და ვალბუენას, რომელიც ამჟამად "ოლიმპიაკოსში" თამაშობს, მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის გარკვეული ოდენობის თანხა გადაეხადა, რათა ინტიმური ხასიათის ვიდეო არ გაევრცელებინათ, სადაც მატიე მონაწილეობდა.

შედეგად, სასამართლომ "რეალის" ფორვარდი დამნაშავედ სცნო და ერთწლიან პირობით სასჯელთან ერთად 75 ათას ევროიანი ჯარიმაც დააკისრა.

აღნიშნული სკანდალის გამო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს.

ბენზემას ეროვნულ გუნდში მას შემდეგ აღარ იძახებდნენ, მაგრამ 2021 წელს "მამლების" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დააბრუნა და ევრო 2020-ზე ითამაშა.