ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად — მამარდაშვილის ვალენსიას გატუზო გაწვრთნის

უკვე ოფიციალურად — მამარდაშვილის ვალენსიას გატუზო გაწვრთნის
თარიღი 09 ივნ 2022, 10:59

ჯენარო გატუზო ძალიან მალე "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი გახდება, იუწყება ესპანური კლუბის პრესსამსახური.

"ღამურებმა" 44 წლის იტალიელი სპეციალისტის დანიშვნა დააანონსეს და საშინაო სტადიონ "მესტალიას" ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გატუზო "ვალენსიასთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო (+ ბონუსები) იქნება.

ჯენაროს კარიერის მანძილზე "ნაპოლი", "მილანი", "პიზა" და სხვა გუნდებიც გაუწვრთნია. გარდა ამისა, 2021 წელს იგი "ფიორენტინას" შეუთანხმდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მხარეებმა ხელშეკრულება გაწყვიტეს.

გასულ სეზონში "ვალენსიამ", სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ლა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში "ბეტისთან" დამარცხდა.