ავტორიზაცია

MARCA კონკრეტულ ციფრებს ასაჯაროებს — პსჟ ჩუამენის ხელფასის სახით რეალზე ორჯერ მეტს სთავაზობდა

MARCA კონკრეტულ ციფრებს ასაჯაროებს — პსჟ ჩუამენის ხელფასის სახით რეალზე ორჯერ მეტს სთავაზობდა
თარიღი 16 ივნ 2022, 12:21

"პარი სენ ჟერმენი" მზად იყო "მონაკოს" აწ უკვე ექს-ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენისთვის იმაზე ორჯერ მეტი გადაეხადა, ვიდრე "რეალში" გამოიმუშავებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ასე და ამგვარად, პარიზელები 22 წლის ჩამშლელს წლიური ხელფასის სახით სუფთა 12 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. "სამეფო კლუბში" ახალგაზრდა ფრანგის ზუსტი ანაზღაურება უცნობია, მაგრამ როგორც იწერება, მადრიდში ორელიენი სეზონში 6-7 მილიონს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ჩუამენის ტრანსფერი "რეალმა" რამდენიმე დღის წინ დაადასტურა. მადრიდელებს მისი ტრანსფერი 100 მილიონი დაუჯდებათ, საიდანაც 20 მლნ-ი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

გასულ სეზონში ორელიენმა "მონაკოს" მაისურით, სადაც 2020 წლის იანვარში "ბორდოდან" გადავიდა, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.