ავტორიზაცია

რეალი ჰოლანდის შეძენას 2024 წელს ეცდება, როცა მისი ე.წ კლაუსულა ამოქმედდება — AS

რეალი ჰოლანდის შეძენას 2024 წელს ეცდება, როცა მისი ე.წ კლაუსულა ამოქმედდება — AS
თარიღი 18 ივნ 2022, 17:42

"რეალის" ხელმძღვანელობა ორ წელიწადში თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის მიწვევის შესაძლებლობას განიხილავს.

მადრიდული გრანდი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის გადაბირების ერთ-ერთი პრეტენდენტი გახლდათ.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა ფორვარდი "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჰოლანდის კლაუსულა ამოქმედდება და დაინტერესებულ კლუბს მისი ყიდვა 150 მილიონ ევროდ შეეძლება. სწორედ მაშინ შეძლებს "რეალი" მის გადაბირებას.

მაისში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულმა გრანდმა "დორტმუნდიდან" ჰოლანდის შეძენა სწორედ იმის გამო იუარა, რომ მის აგენტს, მინო რაიოლას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტის ჩადება უნდოდა, რომელიც თანამშრომლობის მეორე წლიდან შევიდოდა ძალაში.